Opinion

ჯონ ოლივერი პოლიციის წინააღმდეგ

title
By Saba Brachveli
Published: 21 ოქტ 2020
 
 
Published: 21 ოქტ 2020

საინფორმაციო გადაცემების გარდა, ამერიკული მედიის მაყურებლები პოლიტიკურ მოსაზრებებს ხშირად ღამის სატირული შოუებიდანაც იღებენ. მათი წამყვანების იუმორიანი სიბრძნის და თავისუფალი აზროვნების აურა განსაკუთრებულ ავტორიტეტს ქმნის - ზოგჯერ ჩვეულებრივ პოლიტიკურ გადაცემებზე დიდს. სოციალურ ქსელებში ხშირად აზიარებენ ასეთი შოუების ნაწყვეტებს, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად. ერთერთი ასეთია ჯონ ოლივერის “წინა კვირა ამაღამ” HBO-ზე.

ჯონ ოლივერის შოუს ხშირად ვუყურებ. ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ მშვენიერი იუმორი აქვს და კარგი საყურებელია. პრობლემები მაშინ იწყება, როცა გასართობ შოუს შემეცნების წყაროდ აღიქვამენ. კონტექსტიდან ამოგლეჯილი და შეცდომაში შემყვანი ფაქტები ბევრჯერ უთქვამს, ბოლო გადაცემა კი, პოლიციაზე, ამის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო. ოლივერმა იმ სამ რეფორმაზე ილაპარაკა (კვალიფიციური იმუნიტეტის გაუქმება, პროფკავშირების შემცირება, პოლიციის დაფინანსების შეკვეცა), რომელსაც საპროტესტო მოძრაობა “შავი სიცოცხლეები მნიშვნელოვანია” (BLM) ლობირებს. აქ იმ აშკარა ტყუილებს შევეხები, რომელიც გუგლში 5-წუთიანი ძიებითაც ადვილი გადასამოწმებელია.

ოლივერის ყველაზე დიდი, საპროტესტო მოძრაობის განწყობებზე მორგებული ტყუილი ის იყო, თითქოს ამერიკული პოლიცია აღმოცენდა რასისტული საქმიანობებიდან, როგორიცაა გაქცეული მონების ჭერა. ეს აბსოლუტურად მცდარი მტკიცებაა, რისი გადამოწმებაც ადვილად შეიძლება. ვისაც პოტერის The History of Policing-ის წაკითხვა ეზარება, შეუძლია ამ სტატიას გადახედოს. თანამედროვე ტიპის პირველი ამერიკული პოლიცია ჩამოყალიბდა ბოსტონში, 1838 წელს. მისი მთავარი ფუნქცია იყო კერძო საკუთრების, ტრანსპორტირებისა და სავაჭრო ტრანზაქციების დაცვა. ანალოგიური ფუნქციების მქონე მუნიციპალური პოლიციები მალევე გაჩნდა ნიუ-იორკში (1845), ოლბანიში, ჩიკაგოში (1851), ნიუ ორლეანსა და ცინცინატიში (1853), ფილადელფიაში (1855), ნიუორკსა და ბალტიმორში (1857). 

ამ პოლიციებს აბსოლუტურად არაფერი ჰქონდა საერთო მონების ჭერასთან, ან სამოქალაქო ომთან, რომელიც 1861 წელს დაიწყო. ამერიკელებმა მხოლოდ მიბაძეს სერ რობერტ პილს, რომელმაც 1830-იან წლებში პირველი, ფრანგული ჟანდარმერიისგან განსხვავებული და სათემო “ფოლისინგზე” ორიენტირებული პოლიცია ჩამოაყალიბა ბრიტანეთში. მონების მჭერთა რაზმები, რომელზეც ოლივერი ლაპარაკობდა, შეიქმნა მხოლოდ სამხრეთის შტატების (ძირითადად სამხრეთ კაროლინა) რამდენიმე მცირე ქალაქში და იმის მტკიცება, რომ ამ რამდენიმე ქალაქის პრაქტიკა განსაზღვრავს ამერიკული პოლიციის ჩამოყალიბების ისტორიას არის, სულ მცირე, ტყუილი. დაუსაბუთებელი რადიკალიზმია იმის მტკიცებაც, რომ თანამედროვე პოლიციელები ამ რაზმების სულიერი შთამომავლები არიან.

BLM და ოლივერი ამტკიცებენ, რომ ნაკლები პოლიცია, ან პოლიციის მთლიანად გაუქმება (რასაც მინეაპოლისის მთავრობა აპირებს) მუშაობს და კრიმინალის შემცირებას შეუწყობს ხელს. ამის ერთადერთ მაგალითად მოჰყავთ ნიუ-ჯერსის ქალაქი ქემდენი, რომელმაც ათწლეულის დასაწყისში ყველა პოლიციელი დაითხოვა და ხელახლა გამოაცხადა ვაკანსია ყველა თანამდებობაზე. მაგრამ ქემდენმა უმოკლეს პერიოდში გაშვებული პოლიციელების უმეტესობა უკანვე აიყვანა, განახლებული პოლიციის რიგებში, რაც BLM-ს გეგმებისგან მკვეთრად განსხვავდება. მეტიც, რეფორმის შემდეგ ქალაქში პოლიციის რაოდენობა კი არ შემცირდა, არამედ - გაიზარდა. ქემდენში კრიმინალის დონე მართლაც შემცირდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი, ქუთაისზე ორჯერ მცირე ქალაქია - სულ 73 ათასი მკვიდრით. თანაც, შემცირება არ იყო დრამატული: მაგალითად, გაუპატიურების რიცხვი 2012 წელს 73 იყო და 2019 წელს - 67. 

გამოდის, რომ BLM გვპირდება ქემდენისმაგვარ ან უკეთეს შედეგებს ძალიან განსხვავებულ ქალაქებში, ძალიან განსხვავებული რეფორმებით. იქ, სადაც ცვლილებები რეალურად უფრო ახლო იყო BLM-ის მოთხოვნებთან, სრულიად საპირისპირო შედეგები დადგა. ასეთია მრავალმილიონიანი ჩიკაგო და ბალტიმორი, სადაც წლების წინ შეამცირეს პოლიციის დაფინანსება. ჩიკაგოში ლაქუან მაკდონალდის მკვლელობის შემდეგ ახლანდელი გეგმების ანალოგიური რეფორმა გაატარდა: პრობლემურ უბნებებში პოლიცირება რადიკალურად შემცირდა. შედეგად, შემდეგ წელს მკვლელობათა რიცხვმმა 50%-ით იმატა და ეს ტრენდი დღემდე ყოველწლიურად მზარდია, ხოლო 2019 წელს მკვლელობათა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 

ანალოგიურად, ბალტიმორში - პოლიციის დეპარტამენტს პირდაპირ მოსთხოვეს “backing off”, ანუ პოტენციურ დამნაშავეებთან დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავის შეკავება, რის შემდეგაც ის ამერიკის ყველაზე სისხლიან ქალაქად იქცა. 

წლების განმავლობაში უამრავი კვლევაა ჩატარებული, რომელიც ერთსა და იმავე ტრენდზე მიანიშნებს - დანაშაულის რიცხვის კლება უკავშირდება გაზრდილ, და არა შემცირებულ პოლიცირებას, მეტ დაკავებულ დამნაშავეს. 

ყოვლად არასწორი დაშვებაა ისიც, რომ თითქოს პოლიციელების მიერ დახოცილი ადამიანების რიცხვი იზრდება და ახლა ყველაზე საშინელ მდგომარეობაში ვართ. პირიქით, წინა წელს პოლიციის მიერ მოკლული ადამიანების რაოდენობა 1004 იყო, წელს კი ჯერ 220-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრენდის გაგრძელების შემთხვევაში, ეს რიცხვი განახევრდება (mappingpoliceviolence.org/nationaltrends).

ცხადია, თუნდაც ერთი უდანაშაულოდ მოკლული ადამიანიც კი დიდი ტრაგედიაა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ჯამურ სტატისტიკაში აბსოლუტური უმრავლესობა არა ჯორჯ ფლოიდის მსგავსი, არამედ პოლიციასთან ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირებაში შესული ადამიანები არიან. იდეალური პოლიციის შემთხვევაშიც კი, პოლიცირება 300-მილიონიან ქვეყანაში, რომელიც ყველანაირი ცეცხლსასროლი იარაღითაა გატენილი, ვერ მოხერხდება სამოქალაქო პირების სიკვდილიანობის ნოლამდე დაყვანით. ეს უბრალოდ ალბათობის კანონებს ეწინააღმდეგება. პოლიციასთან დაპირისპირებაში მოკლული ადამიანი არაა აუცილებლად დანაშაულებრივად მოკლული, როგორც BLM-ს რუპორები გვარწმუნებენ.

და მაინც, ცხადია, პოლიციას რეფორმირება სჭირდება. ცხადია, პოლიციის ტრენინგები დეესკალაციის ტაქტიკებზე უნდა იყოს ფოკუსირებული. ცხადია, მათი მომზადების პირობები და ხანგრძლივობა უნდა გაიზარდოს. ცხადია, არის უამრავი რეფორმის შესაძლებლობა, რომელიც გაზრდიდა პოლიციის მშვიდობიანი ქმედებების ეფექტიანობას და შეამცირებდა მსხვერპლთა სტატისტიკას. მაგრამ თუ პოლიციის დაფინანსების მნიშვნელოვნად (თუ სრულად არა) შემცირებას ითხოვ, საიდანღა გამოიძებნება თანხები სათემო პოლიცირებაში მეტი პოლიციელის ჩასართავად, მეტი ტრენინგის გასავლელად, ან ტრენინგის უკეთესი პირობების, მეტი ფსიქოლოგისა და დამხმარე პერსონალის დასაქირავებლად? თუ განათლების, სოციალური და სხვა სამთავრობო სერვისების ხარისხი პირდაპირპროპორციულად აისახება დაფინანსების სიდიდეზე, პოლიციის შემთხვევაში ეს დამოკიდებულება უკუპროპორციული რატომ იქნებოდა?

კვლევები მიუთითებს, რომ რაც უფრო მეტი პოლიციაა ირგვლივ ამერიკის ქალაქებში, ნაკლებია კრიმინალის დონე - ამასვე ადასტურებს ქემდენის მაგალითიც კი. ქვედა კლასის ურბანულ არეებში კრიმინალის მაღალი დონე დაკავშირებულია იმასთან, რომ პოლიციელების ხელფასიც და ბენეფიტებიც იქ შედარებით დაბალია და პოლიციას უბრალოდ არ უღირს შეიარაღებულ ბანდებთან სასიკვდილო დაპირისპირებებში შესვლა. გაუგებარია, როგორ გადაწყვეტდა ამ დეპარტამენტების კიდევ უფრო გაღარიბება არათუ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის, არამედ საერთოდ რაიმე სოციალურ პრობლემას. ღარიბ უბნებში პოლიციელთა ნაკლებობის გამო საუბნო პარკები და სარეკრეაციო ცენტრებიც კი იხურება, რაც იქ მცხოვრებთა ყოფას კიდევ უფრო აუტანელს ხდის. თუ იმ უბნებს, სადაც კრიმინალი ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, პოლიციელებს მოვაკლებთ, მხოლოდ ჯადოქრობა თუ გამოიწვევს კრიმინალის თვალსა და ხელს შუა კლებას. წარმოუდგენელი იქნება უფრო მცირერიცხოვან პოლიციას ბანდებს შორის შეტაკებებისას შუაში ჩადგომა მოვთხოვოთ.

მოურიდებლად შემიძლია ვთქვა, საზოგადოების ნათელი მომავალი ისეთ ბავშვებზე დგას, რომლებიც ექიმობაზე, მასწავლებლობაზე, ჯარისკაცობასა და პოლიციელობაზე ოცნებობენ. საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს, მათ ეს სურვილი ასაკთან ერთად არ გაუქრეთ. პოლიციელთა დემონიზაცია, რომელიც ახალ მწვერვალებს აღწევს, დამანგრეველი შედეგებით გვემუქრება. არცაა გასაკვირი, რომ ახლა ამერიკაში პოლიციელობას არავინ ირჩევს, თუკი აქვთ სხვა კარიერული გზის არჩევის შესაძლებლობა. პირიქით, პოლიციის შეფები უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ პოლიციის რიგებს მათი უამრავი თანამშრომელი თანდათან ტოვებს. ეს ყველაზე ცუდი შედეგია, რაც შეიძლება ასეთმა პროტესტებმა გამოიწვიოს. თუ პოლიციის გაჯანსაღება გინდა, მაშინ უნდა ზრდიდე პოლიციაში შესვლის მოტივაციას, რათა გყავდეს არა დაფინანსებისა და კადრების სიმცირით დასუსტებული პოლიცია, არამედ ისეთი სოციალური სერვისი, რომელსაც უკეთესი კანდიდატების შერჩევა შეეძლება. ცუდი ის კი არაა, რომ ბილ კლინტონმა 150,000 პოლიციელი დაამატა პოლიციის რიგებს, ცუდი ისაა, რომ პარალელურად არ გატარებულა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც პოლიციის ქცევის წესებსა და პასუხისმგებლობას ნათლად განსაზღვრავდა. პოლიციელების უკანგაუხედავად სახლში გაშვებამ შეუძლებელია გადაწყვიტოს პოლიციის რეფორმის კომპლექსური პრობლემები. ვინც ამას ემხრობა, ერთით მეტ აგურს დებს იმ საქმეში, რისაც ყველაზე მეტად ეშინია: ნოემბერში ტრამპის მეორე ვადით არჩევაში.

და ბოლოს - თუ შენი ნიუსების წყარო და სოციალური პრობლემების ბარომეტრი ჯონ ოლივერია, არაფრით განსხვავდები იმ ადამიანისგან, რომელიც ცხოვრებისეულ ფილოსოფიას ქეითი ფერის სიმღერებში ან მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებში ეძებს.