24 მარტის მონაცემებით, ბოლო 7 დღეში (18 მარტიდან) ლარი მსოფლიოს 160-მდე ვალუტას შორის ყველაზე მეტად გაუფასურდა. ლარის ფასი აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის 20%-თ შემცირდა (19.8%), რაც ბევრად აღემატება ყველა სხვა ვალუტის გაიაფების ტემპს. ლარის შემდეგ მეორე ადგილზე გაუფასურებით ინდონეზიური რუპიაა (7.2%), ხოლო მესამეზე - ზამბიური კვაჭა (5.5%).
თვის დასაწყისიდან გაუფასურებით ლარი მსოფლიოში მეორეა - დეტალები იხილეთ ქვევით↓.
საქართველოს მეზობლების ვალუტებს შორის, 18 მარტიდან ყველაზე მეტად სომხური დრამი გაუფასურდა (1.2%), რაც ლარის გაუფასურების ტემპზე თექვსმეტჯერ ნაკლებია. თურქული ლირის ფასი ამავე პერიოდში არ შეცვლილა (0.0%), ხოლო დანარჩენი მეზობლების ვალუტები - გამყარდა.
გრაფიკზე მოცემულია ლარისა და რეგიონის სხვა ვალუტების აშშ დოლართან კურსის პროცენტული ცვლილება 18-დან 24 მარტამდე.
ლარის კურსი პრაქტიკულად უცვლელი იყო თვის დასაწყისიდან 18 მარტამდე, თუმცა თვის მანძილზე ჯამური გაუფასურებითაც ლარი უკვე მსოფლიოში მეორეა. პირველი მარტიდან ლარზე მეტად ჯამში მხოლოდ მექსიკური პესო გაიაფდა (21.2%). ლარის შემდეგ, გაუფასურებით მსოფლიოში მესამე ადგილზე კოლუმბიური პესოა (15.8%), ხოლო მას მოსდევენ რუსული რუბლი და ნორვეგიული კრონა (ორივე 15.2%-თ). ამ ქვეყნების ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ნავთობის მოპოვებასთან და მათი ვალუტების გაიაფებაც დიდწილად ნავთობის ფასის მკვეთრ კლებას უკავშირდება.
რუსეთის გარდა, საქართველოს მეზობლების ვალუტებს შორის პირველი მარტიდან არცერთი ვალუტა არ გაიაფებულა 3.7%-ზე მეტით (თურქული ლირა), რაც ლარის გაუფასურების მაჩვენებელზე ხუთჯერ ნაკლებია.
25 მარტის განახლება
ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, დამიკავშირდა ანონიმური მკითხველი, რომელმაც შემომთავაზა წლის დასაწყისიდან ლარის კურსის ცვლილებების ანალიზი. უცვლელად ვაქვეყნებ მის მოწოდებულ ტექსტსა და გრაფიკებს →.
აქვე ვამატებ ჩემს კომენტარს, სურათის სისრულისთვის:
როგორც აღნიშნულია სტუმრის ტექსტში, პირველი იანვრიდან ჯამში ზოგი ვალუტა ლარზე მეტადაა გაიაფებული. თუმცა, ეს მაინც ვალუტების მცირე ნაწილია: ლარი წლის დასაწყისიდან გაუფასურებით უკვე მსოფლიოში მე-14-ა 160-მდე ფულად ერთეულს შორის. ქართული ვალუტა ასევე ჯერჯერობით ერთადერთია ჩვენს უშუალო სამეზობლოში (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომელიც "აყვა" და მოკლე ვადაში თითქმის დაეწია გაუფასურებით რუსულ რუბლს.
სხვა მნიშვნელოვნად გაუფასურებული ვალუტების ეკონომიკების დიდი ნაწილი პირდაპირაა დაკავშირებული ნავთობთან, და ამ ვალუტების უმრავლესობა არ გაიაფებულა ასე მკვეთრად (მოკლე ვადაში). ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, დღეისთვის გვაძლევს საფუძველს დავსვათ შეკითხვები, სერიოზულ პრობლემებზე კრიზისის და ზოგადად ქართული ეკონომიკის მართვაში, კორონავირუსთან დაკავშირებული პანიკის მასშტაბიდან, რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებამდე (მაგალითად, უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთთან ვაჭრობის გააქტიურება და რუსულ ტურისტულ ბაზარზე აქცენტირება წლების მანძილზე იყო მმართველი პარტიის სტრატეგიის ნაწილი).
მასალაში გამოყენებულია xe.com-ისა და ბლუმბერგის მონაცემები.