Data Journalism

სტუმრის მოსაზრება: ლარის კურსის დინამიკის ანალიზი

title
By Anonymous Guest
Published: 25 მარ 2020 • Updated: 23 სექ 2020
 
 
Published: 25 მარ 2020 • Updated: 23 სექ 2020

რედაქტორის შესავალი: მას შემდეგ რაც გუშინ, 24 მარტს, გამოვაქვეყნე მასალა ლარის სწრაფი გაუფასურების შესახებ, დამიკავშირდა ანონიმური მკითხველი, რომელმაც შემომთავაზა წლის დასაწყისიდან ლარის კურსის ცვლილებების ანალიზი. ქვევით უცვლელად ვაქვეყნებ მის მოწოდებულ ტექსტსა და გრაფიკებს.
ამავდროულად, სურათის სისრულისთვის, ვამატებ ჩემს კომენტარს ამ საკითხზე გუშინდელ მასალაში →.

სანდრო თარხან-მოურავი

***

კორონავირუსის პანდემია გლობალური გამოწვევაა და შესაბამისად ის გავლენას ახდენს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაზე. მსგავსი მოვლენები ფინანსურ და სავალუტო ბაზრებზე მნიშვნელოვან მერყეობებს იწვევს და ვერც ლარი იქნებოდა გამონაკლისი. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყანაში შოკის გავლენა ეკონომიკაზე და ფინანსურ ბაზრებზე განსხვავებულია. საქართველოს ეკონომიკამ სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დიდი დარტყმა მიიღო კორონავირუსის პანდემიის შედეგად, რადგანაც აღნიშნულმა მოვლენებმა ყველაზე მეტად მსოფლიოში ტურისტული ნაკადების შემცირება გამოიწვია. ტურისტული ინდუსტრია კი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო. შედეგად, ლარის კურსზე იმოქმედა არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური პრობლემების მოლოდინებმა, არამედ უშუალოდ ტურიზმის სექტორის მოსალოდნელი პრობლემების მოლოდინებმაც. უარყოფით მოლოდინებს ხელს უწყობს გზავნილების შემცირების ვარაუდიც - რუსეთიდან - ნავთობის ფასის კლებისა და რუბლის გაუფასურების გამო, იტალია/საბერძნეთიდან - კორონავირუსით გამოწვეული შემოსავლების კლების გამო.

მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების გაცვლითი კურსების დინამიკას თუ წლის დასაწყისიდან გადავხედავთ (მოგეხსენებათ, კორონავირუსის პირველი შემთხვევები ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა), ვნახავთ, რომ ზოგ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტა უფრო მეტად გაუფასურდა (ბრაზილია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა), ვიდრე საქართველოში, ხოლო სხვა ქვეყნებში - უფრო ნაკლებად (ევროკავშირის წევრი ქვეყნები).

ვალუტების გაუფასურება იანვრიდან

ჩვენს უშუალო სამეზობლოს თუ შევხედავთ, აქაც ზოგ ქვეყანაში (რუსეთი, ბელარუსი) უფრო მაღალი გაუფასურება დაფიქსირდა ვიდრე საქართველოში, ხოლო სხვა ქვეყნებში კი უფრო დაბალი (აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა).

რეგიონის ვალუტების გაუფასურება იანვრიდან

თუ შევადარებთ განვითარებად ეკონომიკების ვალუტების ინდექსს, ლარი მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაახლოებით იმდენითვეა გაუფასურებული, რამდენადაც განვითარებად ეკონომიკების ვალუტების საშუალო.

განვითარებადი ქვეყნების ვალუტებისა და ლარის გაუფასურება იანვრიდან

თუკი ჩვენ ბოლო კვირის გაუფასურებას შევხედავთ, ლარის გაუფასურება მართლაც ყველაზე მასშტაბურია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ 1) ეს ძალიან მოკლე პერიოდია, რაიმე დასკვნების გამოსატანად და 2) სწორედ ამ პერიოდში გამოცხადდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, რამაც დამატებითი ზეგავლენა მოახდინა ბაზრის განწყობაზე.

ისიც უნდა ითქვას, რომ, რეგიონის ქვეყნებზე როდესაც ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, რომ ლარი სხვა ვალუტებთან შედარებით უფრო მოქნილი ვალუტაა. ეს საქართველოს ეკონომიკას საშუალებას აძლევდა და აძლევს უკეთესად გაუმკლავდეს საგარეო შოკების ნეგატიურ გავლენას და შოკის მილევის შემდეგ სწრაფად დაიწყოს ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი. ასე იყო წინა (მაგალითად, 2014-2015 წლების) შოკების დროს და ასე იქნება ახლაც. ამასთან, ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ, რაც უფრო სწრაფად რეაგირებს ადგილობრივი ვალუტა საგარეო პირობების ცვლილებებზე, საბოლოო გაუფასურება უფრო ნაკლებია. ლარის დღეს არსებული გაუფასურება, მოლოდინების არხით უკვე ასახავს მომავალში საგარეო შემოსავლების (მათ შორის ტურიზმის) შემცირების გავლენას, მაშინ როდესაც სხვა, ნაკლებად მოქნილი კურსის მქონე, ქვეყნების ვალუტების კურსებში შოკის საბოლოო გავლენა ჯერ სრულად არ არის ასახული.